მეორე დღე
დღევანდელი მეცადინეობა წინა დღეს შესწავლილი მასალის გამეორებით დაიწყო. გავიხსენეთ გავლილი საკითხები. გადავხედეთ გუშინდელ შექმნილ საქაღალდეებს, თვალი გადავავლეთ იმ დოკუმენტებს, რომლებიც მასში გვაქვს შენახული. ტრენერმა დაგვისვა კითხვები იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად გავიგეთ, რომელი რესურსი რაში გამოგვადგება.
შემდეგ თითოეულმა ჩვენგანმა წარადგინა საშინაო დავალება, ანუ სათაური, იდეა და მოკლე მონახაზი მომავალი პროექტისა, რომელის გეგმასაც დავწერთ ტრენინგის მიმდინარეობისას. ძალიან მიხარია... მიუხედავად იმისა, რომ პატარა გამოცდილება მაქვს პროექტების კეთების კუთხით, მაინც არსებობს რიგი საკითხებისა, რაც მაინტერესებს... ეს კურსი არის ყოველმხრივ სრულყოფილი და ამომწურავი ინსტრუქცია, როგორც სერიოზული პროექტის დასაგეგმად და განსახორციელებლად, ასევე, ბლოგზე მუშაობის დასახვეწად.... ვსვამ უამრავ კითხვას (საერთოდ, არ შემიძლია, რაც მაინტერესებს, ის რომ არ ვიკითხო :) ) და ტრენერისგან ყოველთვის ვიღებ სრულ, კომპეტენტურ პასუხს. კმაყოფილი ვარ, ვგრძნობ, როგორ ვიკლავ ,,ცოდნის წყურვილს", თუმცა წყურვილი რისი წყურვილია, თუ ხშირად არ შეგაწუხებს.... და მეც მაწუხებს...
შემდეგ გზამკვლევიდან ჩამოვტვირთეთ და გავეცანით დოკუმენტს ,,სტატიის დაგეგმვა". ტრენერი გვესაუბრა ბუკლეტის შესახებ. აგვიხსნა, რა მნიშვნელობა, რა დადებითი მხარე აქვს ბუკლეტების დამზადებასა და გავრცელებას პროექტის დასაწყისში, აგრეთვე, მისი მიმდინარეობისას. გვაჩვენა უამრავი ნიმუში–როგორც სტანდარტული, ასევე ჩვენი კოლეგების მიერ ტრენინგზე შექმნილი.
ტრენერის ინსტრუქციით დავიწყეთ ბუკლეტის შექმნა. ეს იყო ძალზე სახალისო სამუშაო, რომელსაც შესანიშნავად ავუღეთ ალღო, ტრენინგის მომდევნო ეტაპზე კი ყველამ დამოუკიდებლად დავამზადეთ მიმზიდველი და საინტერესო ბუკლეტები ( ჩემ მიერ გაკეთებული ბუკლეტის ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ აქ )
შემდეგ მივუბრუნდით ბლოგს. ტრენერისგან მივიღეთ პრაქტიკული რჩევები და მეტად საჭირო ინსტრუქციები ბლოგის მართვასთან დაკავშირებით.
ბოლოს შევაჯამეთ დღევანდელი სამუშაო. ბლოგზე გავაკეთეთ განვლილი მასალის რეფლექსია. სათითაოდ გადავხედე ყველა მსმენელს და სიამოვნებისგან გამეღიმა. კმაყოფილი სახეები და ინტერესით აღსავსე თვალები.... კიდევ ერთი ნაყოფიერი დღე მიიწურა...
Комментариев нет:
Отправить комментарий